ჩვენი ფსიქეს სიღრმეში, უხსოვარი წარსულიდან, გადარჩენის არქაული ნება ცოცხლობს; იმ დროიდან, როცა ერთი ჯგუფის გადარჩენა იმ მეორე ჯგუფის განადგურებაზე იყო დამოკიდებული, რომელსაც ის პირველი თავს ესხმოდა. ერთის გადარჩენა მეორეს განადგურებას გულისხმობდა და - პირიქით.
სწორედ ამ პრინციპით ხდებოდა ომებიც, სადაც მთავარი არა მეორე ჯგუფის დამარცხება ან მისი თავდასხმის მოგერიება იყო, არამედ მისგან თავდაცვის მიზნით, ამ ჯგუფის ყველა წევრის განადგურება.
ამის მაგალითი ბიბლიაშიც გვხვდება, როცა ღმერთი ისრაელის ხალხს მიმართავს და ქანაანის დაპყრობას უბრძანებს... თანამედროვე მაგალითები კი - მთელი ხალხების განადგურება, ე. წ. გენოციდი და გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტების მიერ ებრაელების ამოხოცვის მცდელობაა ბავშვების ჩათვლით...
ჩვენში არსებულ განადგურების ნებას სამართლებრივი სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგი აჩერებს. სხვებს ჩვენგან და ჩვენ სხვებისგან სწორედ ეს ინსტიტუციები იცავენ და შესაბამისად, გვიცავენ. საზოგადოებრივი წერიგის მოშლისთანავე განადგურების ნება მაშინვე ჯებირებს გადმოანგრევს.
განადგურების ნება ჩვენს ურთიერთობებში
როგორ ვლინდება ჩვენს ურთიერთობებში ეს განადგურების ნება. გვაქვს თუ არა მისგან დამცავი იმუნიტეტი? რა ხდება, მაგალიტად ჩვენს სულებში, როცა ვინმე ტკივილს გვაყენებს? გვიჩნდება თუ არა სურვილი, ბალანსის აღსადგენად მასაც იგივენაირად მივაყენოთ ტკივილი? თუ, თუნდაც წვრილმანის გამო სიკვდილს და განადგურებას ვუსურვებთ?
განადგურების ნება წყვილების ურთიერთობაში ბევრი უმნიშვნელო დარღვევის, წყენის, ესკალაციის მიზეზი და მამოძრავებელი ძალაა. რატომ გეუბნებით ამ ყველაფერს? როცა ვიცით, თუ რა ძალა გააჩნია ჩვენში მყოფ განადგურების ძალას და მის წარმოშობას ვიხსენებთ, გაცილებით მეტ სიფრთხილეს ვიჩენთ. მაშინ უწყინარს უწყინარით ვაბალანსებთ და ჯობს ეს ბალნსი უფრო ნაკლებით აღვადგინოთ, ვიდრე რაღაც უზომოდ მეტით.
ბერტ ჰელინგერი
Comments